ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურატურის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ საპროკურორო საბჭო პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარადგენს, ის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს.   

„ჩატარდა კონკურსი და ჩვენ ველოდებით კონკურსის შედეგად კანდიდატურის წარმოდგენას, რომელსაც შემდეგ განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი. თუ ეს კანდიდატი იქნება ბატონი ირაკლი შოთაძე, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ შეფასება, ეს არის ადამიანი, ვისი მთავარი პროკურორობის დროს, პროკურატურამ არაერთი საქმე გამოიძია ეფექტურად, სწრაფად, დროულად, იყო ეს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულები, ორგანიზებული დანაშაული, ასევე, საქმეები, როცა სახელმწიფოს სისტემურ დანაშაულს ეხებოდა საქმე. ვფიქრობ, ის იყო ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ხელმძღვანელი. მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, როცა დატოვა თანამდებობა და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარი არის მორალური ღირებულებები და არა თანამდებობა. თუ მისი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, უმრავლესობის მხრიდან მას ექნება მხარდაჭერა,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის  3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს, რომელსაც პარლამენტს გაუგზავნის. სამიდან ერთ-ერთს კი პარლამენტი დაამტკიცებს.   

მსგავსი თემები