ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოში ამერიკელი ენტიმოლოგი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/REAP -ის მოწვეული ექსპერტი გრეგ კრავჩუკი იმყოფება. იგი აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის  მუშაობის სპეციფიკასა და მავნებლის მონიტორინგის სისტემას გაეცნო, რომლის მიხედვითაც მონაცემები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და იგეგმება წამლობა.

როგორც “მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის, გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა.

​მათივე ინფორმაციით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების  და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ივლისის შუარიცხვებიდან წამლობა ჩატარდება სიმინდის საყანე ფართობებში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 200 ათასამდე ჰექტარი, ცივი შესხურებით – 5200 ჰექტარი; ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში. სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

“ამერიკის წამყვანმა ენტომოლოგმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ ამგვარი ორგანიზებული მიდგომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და შემცირდება აზიური ფაროსანას წნეხი სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე”, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, გრეგ კრავჩუკი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდება და დამუშავებულ ფართობებს მოინახულებს.

გრეგ კრავჩუკი საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარდაჭერით იმყოფება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა  და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან არის ჩართული.

 

მსგავსი თემები