“უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ” – ჩინეთში საქართველოს ელჩი

ჩინეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, საელჩო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა.

მისი თქმით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შორის ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„საელჩოს 24 საათიან რეჟიმში აქვს კონტაქტი ჩვენს თანამემამულეებთან, როგორც ქალაქ უხანში, ასევე, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში. ბოლო ინფორმაციით, ქალაქ უხანში იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. მათთან დღეს პირადად მქონდა საუბარი. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, აქვთ საკვებიც და მედიკამენტებიც საჭიროების შემთხვევაში. ამ ქალაქში დროებით შესვლა-გასვლა აკრძალულია და კარანტინია გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ ქალაქში ყოფნა მოუწევთ“, – აღნიშნა ელჩმა.

ელჩი განმარტავს, რომ უშუალოდ უხანში უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით უპრეცედენტო ზომები ხორციელდება.

„ჩინეთის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ჩინეთის ხელისუფლება ახორციელებს შესაბამის პრევენციულ, სანიტარულ ზომებს.  ჩვენი მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. მათგან ნაწილმა დატოვა ჩინეთის ტერიტორია, ნაწილი უსაფრთხო გარემოშია.

ჩვენი საელჩოს ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში და საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ ჩვენს ვებგვერდზე, ასევე „ფეისბუქგვერდზე“, ჩინეთის ყველაზე გავრცელებულ სოციალურ ქსელშიც გავავრცელეთ ინფორმაცია, განცხადებები, რომ ცხელ ხაზზე (+86 13716877635) დაგვიკავშირდნენ საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები