ლევან იზორიას დედამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა

“აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილებისა და ჩემი ოჯახის მიმართ”, – ამის შესახებ ლევან და ვახო (კიტა) იზორიების დედის მიმართვაშია ნათქვამი.

როგორც გულიკო კვირკველია აცხადებს, ლევან იზორიას ძმას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომაც გამოხატვდა გარკვეულ აგრესიას. 

“აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილებისა და ჩემი ოჯახის მიმართ. “ნაცების” და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას. იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო, გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას. მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი. თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებითი ბოროტება!” – წერს გულიკო კვირკველია სოციალურ ქსელში.

საქმე ეხება 2014 წელს, ლევან იზორიას ძმის დაკავებას და შემდეგ, გათავისიფლებას. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა კადრები, სადაც ვახო იზორია, პოლიციელს რამდენჯერმე უმეორებს, რომ ის ლევან იზორიას ძმაა.

მსგავსი თემები