„სამხრეთ აფრიკელ მწვრთნელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მწვრთნელის არჩევა ე.წ. სივით არ უნდა ხდებოდეს“ – ირაკლი აბუსერიძე

  •  

საქართველოს რაგბის კავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუნდის მწვრთნელი, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკელი სპორტსმენი იქნება. გოჩა სვანიძემ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს თანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გაუფორმა და მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ რაგბსაც ჩაიბარებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის წევრი, მორაგბე, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ მწვრთნელის არჩევა ე.წ. სივით არ უნდა ხდებოდეს. ეს განცხადება აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„არასწორია, როცა არჩევნების წინ ამას აანონსებ. მთავარი მწვრთნელის არჩევა არ არის არც გოჩასი (სვანიძე, მოქმედი პრეზიდენტი) და არც ჩემი გადასაწყვეტი. ამაზე რაგბის სამყარომ ერთიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ ის, რომ რეგრესის გზას ვადგავართ. ამიტომ, უნდა მოვიკითხოთ და მოვიძიოთ ყველა ინფორმაცია მანა,  სანამ შეთანხმების გაფორმებაზე მივა საქმე. როგორც ვიცი, იმ ადამიანს, სამხრეთ აფრიკელ მწვრთნელს  ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.  ისე არ უნდა ვქნათ, რომ ვიჩქაროთ. საჩქარო არაფერია. ბევრი მწვრთნელი წამოგვიყვანია და 6 თვეში გაგვიშვია, მერე, 3 თვეში ჩამოგვიყვანია. მწვრთნელის შერჩევა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს და არა ე.წ. სივით. მარტო „სივი“ არ არის საკმარისი მწვრთნელი კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამას გარდა, საჭიროა ადამიანური რესურსი“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ  რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს არის დაგეგმილი და მასში, ამ ეტაპზე, 3 კანდიდატი  მონაწილეობს.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები