„ანდრია სარიას მიერ ჩადენილი დანაშაული განკვეთას ითვალისწინებს“ – დეკანოზი მღვდელმონაზონზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტის მიზეზი მისივე უსაფუძვლო განცხადებები და საპატრიარქოს მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფა გახდა.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა,  ანდრია სარიას მიერ ჩადენილი დანაშაული სასულიერო პირის განკვეთასაც კი ითვალისწინებს.

„მამა ანდრია სარიას დეკემბერში მიეცა გაფრთხილება, თუმცა, მისი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა. მან გააგრძელა იგივე ქმედებები, რაც გულისხმობს საჯარო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს და იერარქების მიმართ. რადგანაც არ მოხდა საპატრიარქოს შენიშვნის გათვალისწინება, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა, პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. გადახედეთ ბოლო დროის მის განცხადებებს და იქ არის ასეთი გამონათქვამები, რომ “საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე”, რომ “საპატრიარქო არის დამსჯელი ორგანიზაცია” და ა.შ. ჩემი აზრით, სანამ საჯაროდ გააკეთებდა ასეთ განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა, არ ვიცი პატრიარქი რას გადაწყვეტს“ – განუცხადა დეკანოზმა ანდრიამ ჟურნალისტებს.  

მისივე შეფასებით, მამა ანდრია სარიას შეეძლო პატრიარქს ადრეც შეხვედროდა, ასევე მას შეეძლო საკუთარი განცხადებების გამო მოენანიებია.

„ამდენი ხნის განმავლობაში, ანდრია სარიას ბევრი შესაძლებლობა ეძლეოდა რომ მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელსაც გულისხმობს, განკვეთა. ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება. ვის ებრძვის, ან რომელი სიმართლე მოვისმინეთ მისგან? მე ვფიქრობ, გარკვეული ძალები მამა ანდრიას შიგნიდან ებრძვიან და თუ ამაში კარგად გაერკვევა, გაცილებით უკეთესი იქნება“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ  და მღვდელმონაზონს სინანულისკენ მოუწოდა.

„ალბათ, რასაც აქამდე აკეთებდა, ისევ იმას გააკეთებს, ღმერთმა ინებოს, რომ სინანული ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ მან ეს ვითარება აქამდე მიიყვანა. უნდა მოინანიოს იმასთან, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი დასდო და ცილი დასწამა. პატრიარქთან შეხვედრაზე მანამდე უნდა ეზრუნა, სანამ “ბანდას” დაუძახებდა პატრიარქის გარემოცვას”,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ

მსგავსი თემები