“ვინც ეკლესიას უპირისპირდება, ასუსტებენ იმუნიტეტს”- საპატრიარქო ეკლესიაზე შეტევასა და NDI-ს კვლევაზე

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც ეკლესიის მიმართ რეიტინგის კლებას ეხება, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე აფასებს და ამბობს, რომ ეს შეიძლება ციფრებით მანიპულაციაც იყოს.

“NDI ავტორიტეტზე ბევრი საუბრობს, რომ მისი კვლევები ხშირად აცდენილი იყო რეალობას. გვაეჭვებდა ნებისმიერი კვლევა, რომელიც ეკლესიის რეიტინგს 96%-მდე მაღლა წევდა. ეს ერთგვარი ნიშანი იყო, მინიშნება პირდაპირ მიზანში რა უნდა ამოეღოთ იმისთვის, რომ მათი მიზნები დაბალანსებული ყოფილიყო”, – აცხადებს დეკანოზი ანდრია.

დეკანოზის თქმით, ყველა შემთხვევაში, წარმოდგენილი კვლევით, მორწმუნეებისთვის არაფერი იცვლება.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთის მხრივ, შესაძლოა, ეს იყოს ჩვეულებრივი მანიპულაცია ციფრებით, მეორე მხრივ, შესაძლოა, ეს იყოს ცხოვრებისეული მოვლენები. ადამიანებზე გავლენა აქვს ყველაფერს. ჩვენ ვხედავთ ეკლესიის მიმართ მართულ, ორკესტრირებულ შეტევას. ბოლოს როდის გინახავთ პოზიტიური გადაცემა ეკლესიის შესახებ?! ყველა ცდილობს, რამე ნეგატიური მხარე აღმოაჩინოს ეკლესიის ცხოვრებაში. მე ძალიან ხშირად მენიშნება ხოლმე, რომ რაღაც ერთიდაიგივე მესიჯის გარშემო ტრიალებს სრულიად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. აი, ეს ორკესტრირებული შეტევა ეკლესიაზე უფრო ცხადი ხდება ხოლმე”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, ვინ ან რა ძალები შეიძლება იყოს დაინტერესებული ეკლესიაზე ორკესტრირებული შეტევა გაძლიერდეს და რა შეიძლება ამოძრავებდეთ მათ, დეკანოზი პასუხობს:

“ბევრი საკითხია, რომელიც ეკლესიას უპირისპირდება, ან პირიქით, ეკლესია უპირისპირდება საზოგადოებრივ ცხოვრებას, უპირისპირდება იმ აზრით, რომ თავის მრევლს მოუწოდებს და ასწავლის საპირისპიროს, ვიდრე ეს პროცესები მიმდინარეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ გვახსოვს, რომ ეკლესია დაუპირისპირდა ქვეყანაში ნარკოტიკების კულტივაციის თემას. ეკლესია უპირისპირდება აზარტული თამაშების ინდუსტრიას, რომელიც ყველაზე მომგებიან ბიზნესად ითვლება, რაც სირცხვილია ქვეყნისთვის. ეკლესია ისეთი ქცევების ინსტალაციას ეწინააღმდეგება, რომელიც ჩვენს ტრადიციასა და ეროვნულ იდენტობას არღვევს და ანგრევს. იცით, რომ მართლმადიდებლური, ქართული ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომლის იურისდიქციის ფარგლებსაც ოკუპანტი ქვეყანა ეკლესიის დონეზე აღიარებს. ჩვენს ეკლესიას აქვს სადავო ეკლესიები მეზობელ ქვეყანასთან. ადამიანები, რომლებიც ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ ცდილობენ რაღაცის აგორებას, უნდა ესმოდეთ, რომ ამით ასუსტებენ იმუნიტეტს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით, სახელმწიფოს დონეზე”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. 

მსგავსი თემები