ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას, მსოფლიოში ახალ ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მსოფლიოში გავრცელებულ ახალ ვირუსთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.

იქიდან გამომდინარე, რომ “ახალი კორონა ვირუსი” ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციებს გასცემს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩინეთში მიფრინავს, ან უკვე საქართველოში დაბრუნდა.

„ვინც მიდის ქალაქ ვუჰანში (ხაზს ვუსვამ, არა ყველა ჩინეთში წამსვლელისთვის): მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს, ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები; ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლოა, მეტი რისკი შეუქნან თავიანთ ჯანმრთელობას.

თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს. აცნობეთ ექიმს მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ. მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს. არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით, ტანსაცმლის სახელოს ნუ გამოიყენებთ ცემინების და ხველების დროს, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები; ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ინფორმაციითვე, ცენტრს ჩამოყალიბებული აქვს შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში.

“ხვალ 10 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან, სადაც წარვსდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად, იქნება კოორდინირებული მუშაობა,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები