„მოლოდინია, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება” – ნიდერლანდების საგარეო მინისტრი

“საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში  უსაფრთხოების, სტაბილურობის ფაქტორით და ასევე ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია.  რაც შეეხება რეფორმებს, საქართველო გახდა მაგალითი და ეს რა თქმა უნდა მაღალ მოლოდინს გვიმყარებს აღნიშნული სტანდარტების შენარჩუნების კუთხით“-ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიდერლანდები გაგრძელებს საქართველოს  მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდება. ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მოკავშირეობას რეფორმირების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. თქვენი რეფორმირების ძალისხმევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია უსაფრთხოების იმ სიტუაციის თვალსაზრისით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“-განაცხადა ბლოკმა.

მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე ადამიანის უფლებების გართულებული მდგომარეობის გამო. „ნიდერლანდები ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მიმდინარე სიტუაციით, განსაკუთრებით რაც შეეხება ადამიანის უფლებებს,  მე შევხვდები ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საოკუპაციო ხაზზე, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“-აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს გააჩნიათ ხანგრძლივი და ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები, რისი გამოხატულებაც გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი  გახარიას ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში და შეხვედრები ქართველ კოლეგასთან სხვდასხვა ფორმატებში.  „ამ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი როლი ეთმობა ჩვენს ძლიერ სავაჭრო ურთიერთობებს, ნიდერლანდები არის საქართველოსთვის მე-12 სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორი, რაც გვიმყარებს რწმენას საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და მომავალ შესაძლებლობებში.“ აღნიშნა მინისტრმა.  მან ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას  ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და  ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ნატოს მნიშვნელოვან პარტნიორს.

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 21-22 იანვარს ეწვია, 10 წლიანი პაუზის შემდგომ ეს გახლავთ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი.

მსგავსი თემები