“სამი წელია, სს პოლიტიკა მკაცრდება, სიმკაცრეს შედეგი არ მოქვს” – ადვოკატი პროკურატურაში არსებულ გამოწვევებზე

“2017 წლამდე სს პოლიტიკა უფრო მეტად იყო მომართული ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვაზე, დღეს კი, სამწუხაროდ, სს პოლიტიკის გამკაცრება ხდება, რასაც შედეგი არ მოაქვს” – ეს განცხადება ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა “მედიაცემტრ მთავარში” გააკეთა და პროკურატურის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

“2017 წლამდე არსებული სისტემა უფრო მეტად იყო ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვაზე ორიენტირებული. დღეს, სამწუხაროდ, არ ვიცი შეთანხმება მოხდა თუ არა, ბოლო სამი წელია, სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის უფრო გამკაცრება მიმდინარეობს. თუ ადრე მოსამართლეები მეტად იღებდნენ ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს, დღეს ისინი უკვე კმაყოფილდებიან იმით, რომ  სტანდარტმა დაბლა დაიწია და ერთმანეთთან შეთანხმებული ორი მტკიცებულება საკმარისია ბრალდებულის გასამტყუნებლად”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, დღეს, პროკურატურას შეუძლია, დაბალი კვალიფიკაციით აწარმოოს გამოძიება და დაბალი ხარისხის მტკიცებულებები წარადგინოს სასამართლოში.

“ეს არამხოლოდ პროკურატურის, არამედ სახელმწიფოს პრობლემაცაა. ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიუთითებენ. ამას უნდა მიაქციოს ყურადღება დღევანდელმა პროკურატურამ”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  

გელა ნიკოლეიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დღეს საპროცესო შეთანხმებები უფრო ნაკლებად ფორმდება. “მკაცრმა პოლიტიკამ რაც მოიტანა, ეს წინა ხელისუფლების დროს ვნახეთ” – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები