„შოთაძისთვის ეს დიდი რისკია, შარში თავს არ გავყოფდი, ძალიან დიდ ტვირთს იკიდებს“ – გელა ნიკოლეიშვილი მთავარ პროკურორობაზე

„დასახელებულ კანდიდატებში ზოგი არასერიოზულია, ზოგი კომიკური. ამ ფონზე, შოთაძე რეალურია“ – ეს განცხადება ადვოკატმა და უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე შეფასებით, პროკურორობა შოთაძისთვის თავის ტკივილია და თავად ამ შარში თავს არ გაყოფდა.  

„მნიშვნელოვანი მომენტია გენერალური პროკურორის არჩევა. არჩევის ახალი მეთოდია საინტერესო. მოგეხსენებათ, ადრე დანიშვნა იყო, დღეს კი არჩევით ხდება. როგორც მოგეხსენებათ, 17 კანდიდატია და მათ შორის, სამწუხაროდ, ზოგი არასერიოზული, ზოგი კომიკური, ზოგი კი  ღირსეული კანდიდატია, მაგრამ, მათ შორის, აშკარაა, რომ ყველაზე რეალური ირაკლი შოთაძეა. ამ ფონზე, სავსებით რეალურია, რომ ის გახდება მთავარი პროკურორი“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ადვოკატის მტკიცებით, შოთაძემ, გენერალური პროკურორობის პერიოდში, გამართული სისტემა შექმნა და ეს დასაფასებელია.

„რეალურია რომ ის დაბრუნდება მთავარ პროკურორად.  თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თავისი მოღვაწეობის პერიოდში, მან საკმაოდ გამართული სიტემა შექმნა, ჩამოყალიბებული, სტრუქტურირებული. რაც მთავარია, ეს სიტემა არ იყო ძალადობაზე ორიენტირებული, ეს იყო და არის  კანონზე ორიენტირებული. თავის დროზე, მან საკმაოდ ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა, საკუთარ თავზე აიღი პასუხისმგებლობა იმ მასიური საპროტესტო გამოსვლების გამო, რადგანაც სისტემის მეთაური და გადადგა“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ამავდროულად, როგორს ადვოკატმა და უფლებადამცველმა განმარტა, ირაკლი შოთაძე, ამ ნაბიჯით თავს იტკივებს.      

„ეს დიდი რისკია მისთვის. მე პირადად ვერ გავბედავდი და ამ შარში ვერ გავყოფდი  თავს. რად უღირს ეს დაბრუნება არ ვიცი, ძალიან დიდი ტვირთს იკიდებს საკუთარ თავზე“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები