მცირე, ეფექტიანი და მოქნილი მთავარობის შემადგენლობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უმრავლესობასთან ერთად განიხილავს. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ პარლამენტი მთავრობას მიმდინარე კვირას დაამტკიცებს და მთლიანი პროცედრულებისთვის 3 დღე საკმარისი იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე სტრუქტურული ცვლილებები არ განხორციელდება და მხოლოდ არსებული მინისტრები შეიცვლებიან.
„მცირე მთავრობის იდეის წარმოჩინებისას სამართლებრივი ბარიერია დასაძლევი – პრემიერობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს. შემდეგ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, თუ რომელიმე სამინისტროს შერწყმა იგეგმება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამას მოჰყვეს საკადრო ცვლილება. დღეს არ იქნება საუბარი სტრუქტურულ ცვლილებაზე. იქნება არსებული მთავრობის შემადგენლობაში ყველა კანდიდატის წარმოდგენაზე, ხოლო შემდეგი ეტაპის საქმეა, თუ რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება და აქედან გამომდინარე, რომელი მინისტრი მოყვება სეკვესტრში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის შეფასებით კი პარლამენტი მთავრობას 3 დღეში დაამტკიცებს.
„ ერთი დღე დასჭირდება, რომ მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო განხილვებზე მოვუსმინოთ, ერთი დღე კი პოლიტიკურ ნაწილს – უმცირესობა, უმრავლესობა, ფრაქციებთან შეხვედრას. ერთი დღე კი პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. მიმდინარე კვირას პროცესი დასრულდება“ – აცხადებს კახიანი.