“ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა” – “გილიადი”

  •  

„საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია „გილიადი“ ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით“, – ამის შესახებ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ განცხადებაშია ნათქვამი. 

ფარმაცევტული კომპანია, საქართველოსთვის გადმოცემული მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება.

„ჩვენ ვიცით, რომ „გილიადის“ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 პროცენტს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკული კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში, C  ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

„გილიადი“ აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ C ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი თემები