სოფიო ქაცარავა საქართველოში ირნადიის საელჩოს გახსნას Irish Footprint Program -ის ფარგლებში იმედოვნებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ბრენდან სმიტს შეხვდა.
დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბრენდან სმიტს, შარშან, საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ინიცირებისთვის, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა იყო გამოხატული.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, მიმოიხილეს დემოკრატიის კონსოლიდაციის ფონზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხი, ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობა და ამ პროცესში, თანათავმჯდომარეების როლი. ასევე, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების აუცილებლობაზე.
სოფიო ქაცარავამ იმედი გამოთქვა, რომ „Irish Footprint Program”- ის ფარგლებში საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. „საქართველოს მოქალაქეებისთვის ირლანდიაში უვიზო მოგზაურობა  შესაძლებლობას მოგვცემს ორ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ირლანდიის ბიზნეს დელეგაციების ვიზიტზე, რაც მისივე შეფასებით, ირლანდია-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებისკენ იქნება მიმართული.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავასთან ერთად, გიორგი კახიანი, გიორგი მოსიძე და სერგი კაპანაძე არიან შეხვედრა ასევე გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. რორი მონგომერისთან შეხვედრისას მხარეებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ირლანდია-საქართველოს თანამშრომლობა, ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ირლანდიის ვიზები ამჟამად გაიცემა ბუნგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოფიაში,  ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

 

 

მსგავსი თემები