„თუ  მოქალაქე არჩევნებზე უარს ამბობს, მას სახელმწიფო სერვისებზე წვდომა უნდა შეზღუდოს“ – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე კანონმდებლობაში ცვლილებას ითხოვს და აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებზე წვდომა უნდა შეეზღუდოს. განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„როგორც ჯარში, არჩევნებში მონაწილეობაც სავალდებულო უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, მზად ვართ კომპრომისისთვის“ – აცხადებს დეპუტატი და პირობას იძლევა, რომ, ამ შემთხვევაში,  ფრაქცია, შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას მხარს ერთხმად დაუჭერს.

„არ შეიძლება, მანდატები ვაჭრობის სფერო იყოს. ჩვენს საკითხს ასე ვაყენებთ, თუ კანონში ჩაეწერება რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა, მაშინ ჩვენთვის შემოთავაზებული საარჩევნო   ცვლილება მისაღები იქნება. ერთი დღე, ყველას გვაქვს ვალდებულება, თავი გადავდოთ საქართველოსთვის და მივიდეთ არჩევნებზე.  ეს ცალსახა ვალდებულებაა. ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ არჩევნების დღე ეკუთვნის საქართველოს. მივიდეს უბანთან და მისცეს ხმა“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, მას სახელმწიფო სერვისების მიწოდება უნდა შეეზღუდოს.

„არ მიიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ნუ გექნება პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ. როგორც ჯარია სავალდებულო, იმაზე მეტად უნდა იყოს სავალდებულო არჩევნებში მონაწილეობა. თუ  სხვა ქალაქში ხარ, უნდა ჩახვიდე შენს ქალაქში და მისცე ხმა.  თუ არჩევნები არ გინდა, ნურც ბავშვის სკოლაში მიყვანაზე გექნება პრეტენზია, სახელმწიფოს ბიუჯეტიდანაც ნურაფერს მოითხოვ, ნურც  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვები და ნუ გექნება პრეტენზიები“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები