„ჰიუმან რაითს ვოჩი” “ნაციონალების” მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების ინფორმაციას ეყრდნობა” – სიმონ ნოზაძე

„ჰიუმან რაითს ვოჩი” იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლებიც “ნაციონალების” მიერ კონტროლდება”, – ასე აფასებს პარლამენტის წევრი, სიმონ ნოზაძე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც გასულ წელს, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზეა საუბარი.

როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის სულ ერთი არ არის, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. მეტიც, დეპუტატის თქმით, ისინი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

კვლევის ერთ-ერთი ნაწილი 20 ივნისის ღამეს ეხება და საუბარია, რომ ხელისუფლებამ გადაჭარბებულ ძალა გამოიყენა. დეპუტატის შეფასებით კი, ამგვარი დამოკიდებულება არასწორია.

“რას ნიშნავს გადაჭარბებული ძალა იქნა გამოყენებული. პარლამენტში ლამობდნენ შეჭრას და შინაგან საქმეთა ორგანოებმა არ დაუშვეს  ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. იყო თუ არა ეს პროპორციული ძალის გამოყენება, როდესაც 100-მდე პოლიციელია დაშვებული?! მომიტინგეების, ე.წ. ბოევიკების მხრიდან ხდებოდა პერმანენტული იერიშის მიტანა სამართალდამცველებზე. პოლიციელებმა გამოიყენეს იმ რაოდენობა ძალა და ის საშუალებები, რომლებმაც აღკვეთეს მიტინგის ლიდერების მცდელობა, რომ რამენაირად შემოეღწიათ პარლამენტის შენობაში. აქ ვერანაირ გადაჭარბებას ვერ ვხედავ”, – განაცხადა ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

სიმონ ნოზაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემის რეფორმაზეც ისაუბრა, რაც ანგარიშშია ნახსენები და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი, საკონსტიტუციო მოდელის ცვლილებას საჭიროებს, რაც მისი განმარტებით, ფიზიკურად ვერ მოესწრება.

“რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, არც ჩემთვისაც იყო სასიამოვნო, რომ ეს კანონი ვერ გავიტანეთ, თუმცა მხარდაჭერა დიდი მიიღო. დიალოგი რას ნიშნავს, ესაა ურთიერთდათმობებზე წასვლის ხელოვნებაც. ის, რასაც ოპოზიცია გვთავაზობდა, ვითომ გერმანული მოდელის სახით, ეს არ იყო გერმანული მოდელი და ეს აუცილებლად საჭიროებდა საკონსტიტუციო მოდელის ცვლილებას. ხოლო, ეს უკანასკნელი შეუძლებელი იქნება დარჩენილ თვეებში. თუ გვინდა გამოსავალი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში ვნახოთ, მაშინ ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ“ და უმრავლესობამ მშვენიერი იდეა შესთავაზა – შევამციროთ მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე და 100 მანდატი განაწილდეს პროპორციული არჩევნებით. ბოლოს და ბოლოს, 150 მანდატზე იყო საუბარი, სრულად თუ იქნებოდა პროპორციული არჩევნები. ოპოზიციას აქვს იმის საშუალება, რომ მაჟორიტარული არჩევნებით მოიგოს ცალკეულ რეგიონში”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები