„გლუვლულიანი თოფიდან მოახდინა „ბასიანის“ მიმართულებით გასროლა“ – საქართველოს პროკურატურის განცხადება              

საქართველოს პროკურატურა კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რა დროსაც 3 ადამიანი დაიჭრა, განცხადებას ავრცელებს. „მედიაცენტრი მთავარი“  პროკურატურის განცხადება უცვლელად გთავაზობთ.   

„საქმეზე, ამ ეტაპისთვის შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე,  ბ.ჩ. იმყოფებოდა ღამის კლუბ ,,ბასიანში“, რა დროსაც ის არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესებს და გააძევეს კლუბიდან.  აღნიშნულის გამო განაწყენებული დაბრუნდა ,,ბასიანის’’ ტერიტორიაზე,  ხმამაღლა გინებით  ითხოვდა კარის გახსნას და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან მოახდინა „ბასიანის“ შესასვლელი კარის მიმართულებით გასროლა. შედეგად,  სამმა პირმა მიიღო დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც ბ.ჩ.-მ  დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბ.ჩ. რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – მასზე შეძენა-შენახვა-ტარების უფლებით რეგისტრირებული 12 კალიბრის, გლუვლულიანი სანადირო თოფი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები.

ბ.ჩ.-ს, შემთხვევიდან მეორე დღეს – 2020 წლის 13 იანვარს, გამოძიების მიერ საწყის  ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე  წარედგინა ბრალდება, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის  239-ე მუხლის მესამე ნაწილით, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, მეხუთე ნაწილის ,,გ“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით. 

ბრალდების წარდგენა მოხდა კანონით გათვალისწინებულ, დაკავების 48-საათიან ვადაში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა საქმეზე  გამოძიება გრძელდება ყოველმხრივ,  ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოსაკითხია დაზარალებულები. ისინი უახლოეს პერიოდში გამოიკითხებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ხსენებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში,  მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შემდგომ, შესაძლებელია შეიცვალოს ბრალდების  კვალიფიკაცია“ – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი თემები