„როცა პარლამენტი გაიხსნება, მოვითხოვ, აფხაზეთის საკითხზე მოსმენა გაიმართოს“ – ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის საგაზაფხულო სისიაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, გაფართოებულ მოსმენას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„როდესაც საპარლამენტო პროცესი დაიწყება, მე, სხვა დეპუტატებთან ერთად, დავაყენებ საკითხს, რომ აფხაზეთის არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართოს. მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს  როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ,  ისე უსაფრთხოების სამსახურებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრმა. მაინტერესებს  მათი პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების გამოყენებაც შესაძლებელია.

„მაინტერესებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენად იყვნენ საქმის კურსში,  რა ხდებოდა აფხაზეთში; თუ არსებობდა რაიმე ბერკეტები, იმ თვალსაზრისით რომ ხელი შეგვეწყო იმ პროცესებისთვის, რომელიც აფხაზეთს რუსეთს დააშორებდა. იქ რამდენიმე ინტერესთა ჯგუფია. ბრძოლით, რომელიც აფხაზეთში დაიწყო, შესაძლებელი იყო, აფხაზეთის ბედი შემოტრიალებულიყო.  როგორც ამ ხელისუფლებამ,  ისე  შემდეგმა უნდა ისწავლოს, რომ მსგავსი პროცესების გამოყენება შესაძლებელია“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები