უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს ირანში შეფერხების გარეშე გამოიძიებენ. როგორც ვლადიმერ ზელენსკიმ განმარტა, ახლა ირანისგან სრულფასოვან და გამჭვირვალე გამოძიებას ელოდებიან, რათა დამნაშავეებმა შესაბამისი პასუხი აგონ, დაღუპულების ცხედრები კი, სამშობლოში დააბრუნონ.
„დღევანდელი დილა კარგი არ ყოფილა, თუმცა მან ჭეშმარიტება მოგვიტანა. საერთაშორისო კომისიის სამუშაოს დასრულებამდე ირანმა თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების შესახებ განაცხადა. ჩვენ ველით ირანისგან მზაობას სრული თანამშრომლობისთვის გამოძიების პროცესში, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას, დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას, კომპენსაციის გადახდას და დიპლომატიური არხებით ოფიციალურად ბოდიშის მოხდას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.