C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი ბენეფიციართა მომართვიანობის მკვეთრი შემცირება იყო, რომელიც 2017 წლის ივლისიდან დაიწყო. მიზეზად ასევე სამკურნალო პრეპარატის სოფოსბუვირი (სოვალდი) სახელდება, რომელიც სამკურნალო რეჟიმის მიხედვით სხვა მედიკამენტებთან ერთად ინიშნებოდა.
ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტებიც.
ინფორმაციას C ჰეპატიტის ვადაგასულ სამკურნალო მედიკამენტებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ კონსოლიდირებული ანგარიშების ფინანსური აუდიტის ანგარიშში ვეცნობით.
ანგარიშში ასევე ვიგებთ ინფიცირებულთა რაოდენობას წლების მიხედვით. 2015 წელს 5 936-ს შეადგენდა, როცა დაგეგმილი რაოდენობა 5 000 იყო. დაგეგმილ რაოდენობაზე გადაცილება ფიქსირდება ასევე 2016 წელს, 20 000 პაციენტის მიღების ნაცვლად 1 654-ბენეფიციარით მეტმა მიიღო უფასო მკურნალობა C-ს წინააღმდეგ.
სააგენტოს ინფორმაციით ყველაზე მეტი მოთხოვნა და სამკურნალო გამოყენება მედიკამენტ ჰარვონის აქვს, საშუალოდ 2 033 პაციენტი. ყველაზე ნაკლები გამოყენება კი რიბავირინზე ფიქსირდება, საშუალოდ 9 პაციენტი.
C ჰეპატიტის მართვისთვის 2018 წელს ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, მაგრამ სამკურნალოდ მხოლოდ 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. დარჩენილი თანხა კი სხვა პროგრამებზე გადანაწილდა.
შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილიდან ამოქმედდა, რაც დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას გულისხმობს.