დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ცე ჰეპატიტის აქტიური გამოვლენისა და მკურნალობის მხრივ, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე კარგი ინდიკატორები და მონაცემები აქვს.
„ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს, უპრეცედენტო გახლავთ, ანუ დღეს ქრონიკული ვირუსული დაავადების ელიმინაცია მსოფლიოში პირველად ხდება. მედიცინის ისტორიაში ელიმინირებულია მხოლოდ ერთი დაავადება – „ყვავილი“. ის ვაქცინებით მართვადი დაავადებაა და „ყვავილის“ ელიმინაცია მოხდა საყოველთაო ვაქცინაციის მეშვეობით. 1980 წლიდან „ყვავილი“ აღარ არსებობს მსოფლიოში და ამას დასჭირდა დაახლოებით 20 წელიწადი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ყვავილის“ ელიმინაცია გამოაცხადა 1959 წელს და სამიზნედ აიღო 1960 წელი, მაგრამ რეალურად, ეს განხორციელდა მსოფლიოში 1980 წელს, 10 წლით გადაიწია. შემდეგი დაავადება, რომელიც ელიმინაციის გზაზეა, არის პოლიომიელიტი. 1990 წლის რუკის თანახმად, პოლიომიელიტი გავრცელებული იყო დაახლოებით 150 ქვეყანაში. დღეს დარჩენილია სამ ქვეყანაში – ავღანეთი, პაკისტანი და ნიგერია. პოლიომიელიტის ელიმინაციის ე.წ. დედლაინმა გადაიწია დაახლოებით სამ-ოთხჯერ, რადგან დაავადების ელიმინაცია არ არის მარტივი, წამლით, მედიკამენტით, რომელიმე ქრონიკული დაავადების ელიმინაციის პრეცედენტი ჯერ არ არსებობს. ამის პირველი პრეცედენტი შეიძლება, ცე ჰეპატიტი გახდეს, რადგან ცე ჰეპატიტის სფეროში მოხდა უზარმაზარი გარღვევა 2013 წელს, როდესაც შეიქმნა წამალი „სოფოსბუვირი” და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა, როგორც სამკურნალო წამალი, რომლის განკურნების ეფექტი 95 პროცენტზე უფრო მაღალი იყო. მედიცინის ისტორიაში ეს გახლავთ უპრეცედენტო გარღვევა და ალბათ, თავის დროზე, აღინიშნება შესაბამისი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოებით. ამან მისცა საშუალება 71 მლნ ადამიანს, ვინც დღეს ცე ჰეპატიტით ცხოვრობს მსოფლიოში, განიკურნონ და არ განუვითარდეთ ორი ყველაზე უფრო სასიკვდილო გართულება: ღვიძლის კიბო და ღვიძლის ცეროზი.
საქართველო დღეს არის ავანგარდში და 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, საქართველოს აქვს ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები, როგორც ცე ჰეპატიტის აქტიურ გამოვლენაში, ისე მკურნალობაში. დღეს 2,8 მლნ მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, სკრინინგი უკვე ჩაუტარდა დაახლოებით 1 750 000 ადამიანს, ანუ 60 პროცენტზე მეტს. 2015 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, დიდი კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 5.4 პროცენტი გახლავთ ანტიგენდადებითი, ანუ ეს არის დაახლოებით 150 000 ადამიანი“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.
მან ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დღეს არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„დღევანდელი ციფრები ასეთია: ჩვენ გამოკვლეული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი, 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით. ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამიaნს, მათ შორის, ვინც დაასრულა, საუბარია 58 000-ზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, აღარ განუვითარდება ღვიძლის ცეროზი და იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ეს დაავადებები რომ განვითარებულიყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს გახლავთ უპრეცედენტო მიღწევა საქართველოს ჯანდაცვის და ამ თვალსაზრისით, საქართველო განიხილება მთელ მსოფლიოში, როგორც სამოდელო ქვეყანა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლისთვის პროგნოზირებული გეგმის შესასრულებლად სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი წელი იქნება საჭირო და ეს კრიტიკის საგანი არ უნდა გახდეს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიომ 2030 წლისთვის დაგეგმა, რომ 90 პროცენტი, 71 მლნ ადამიანი, ვინც ინფიცირებულია, გამოავლინოს და უმკურნალოს. პირველადი ჩვენი პროგნოზით, ეს გეგმა გვქონდა 2020-ში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით კიდევ დაგვჭირდება ორი-სამი წელიწადი. ეს არ უნდა იყოს კრიტიკის საგანი. აქ ჩვენ ყველა, პოზიცია და ოპოზიცია უნდა ვიყოთ ერთად, რადგან უპრეცედენტო პროგრამაა და ადამიანების ჯანმრთელობას ეხება. ამ პროგრამამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და პრევენცია მოახდინა უმძიმესი დაავადებების განვითარების. აქ ყველამ ერთი პოზიციით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და ერთმანეთს დავეხმაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა.