“ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ ცე ჰეპატიტი აქვს და მკურნალობის პროცესში არ არის ჩართული. ამ დროს კი ვიგებთ, რომ კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულიაა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს, პირველი ფინანსური ბარიერია. 

„თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მილიონიდან პირველ ცხრა თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს,” – ამბობს ჭიაბერაშვილი.

დეპუტატის თქმით, მან ჯერ კიდევ 2018 წლის 14 ნოემბერს დასვა პარლამენტში საკითხი იმის თაობაზე, რომ „ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის” მიზნების მიღწევა – 135 000 ინფიცირებულის მკურნალობა ვერ მოხერხდებოდა 2020 წლის ბოლომდე, როგორც ეს თავდაპირველად კომპანია „გილეადთან“ და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად დაიგეგმა.

„2019 წლის მარტში მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეს სამწუხარო რეალობა დაადასტურა, თუმცა პროგრამის განხორციელების ტემპი არც ამის შემდეგ გაუმჯობესებულა. ამის შემდეგაც, კარგა ხანს ცე ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება – ე.წ. სწრაფი ტესტ სავალდებულო და უფასო მხოლოდ ჰოსპიტალური პაციენტებისათვის იყო, ხოლო ამბულატორიული პაციენტებისთვის – ფასიანი“, – განაცხდა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზად ჭიაბერაშვილი სამინისტროს გაუმართავ მენეჯმენტს ასახელებს.

„2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა ცე ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება. ამისთვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდანაც ჩანს, არ იდგა“, – ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისი შეფასებით, სამი წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ცე ჰეპატიტით ინფიცირებულია დაახლოებით 150 000 ადამიანი. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90 პროცენტს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჭიაბერაშვილისთვის 2019 წლის ოქტომბერში გაგზავნილი წერილის თანახმად, პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა დაიწყო დაახლოებით 60 000-მა, ხოლო მკურნალობა დაასრულა 55 000-მა პირმა.

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ოთხი წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40 პროცენტმა გაიარა, შეუძლებლად ჩანს 2020 წლის ბოლომდე დარჩენილი 70 000-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას ცე ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს.

ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა. 

მსგავსი თემები