მუხიანის დასახლებაში 1,5 მლნ ლარის ღირებულების 2 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება 

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, მუხიანის დასახლებაში ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 1,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური​ დუმბაძის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ახალი ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს.

​პროექტი ჯამში 17 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯება და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

მუხიანის დასახლებაში ასევე მიმდინარეობს, 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირის, მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში, 1 200 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება და ტერიტორია გამწვანდება. ასევე, სკვერში მოეწყობა მარატ ნოზაძის მემორიალი, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ​სამუშაოებისთვის 162 332 ლარია გათვალისწინებული.  სამუშაოებს ამხანაგობა „ელიტ და კომპანია“ აწარმოებს. აღნიშნული სკვერის პროექტი ტენდერის გამოცხადებამდე, რაიონის გამგეობამ მარატ ნოზაძის ოჯახის წევრებს გააცნო.

მუხიანის დასახლებაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო და სკვერთან ერთად დუმბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.

“ვნახეთ, უხვი ნალექის დროს თუ რამხელა პრობლემები შეიძლება შეიქმნას დედაქალაქში, შესაბამისად, ყველა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც ხორციელდება, გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა და მოწესრიგება. ეს არის საკმაოდ ფართო ქუჩა, ამიტომ, ვაპირებთ გზაგამყოფი ზოლი მოეწყოს, რომელიც გამწვანებული იქნება და გაალამაზებს ქუჩას”, – აცხადებს კალაძე.

 

მსგავსი თემები