ნიკა გვარამია, სასამართლოს შეურაცხყოფის გამო, დააჯარიმეს

მოსამართლე გიორგი არევაძემ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია ტელევიზიითა და “ფეისბუქით” გაკეთებული განცხადებების გამო, 500 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლემ გვარამიას რამდენიმე დღის წინ, მის მიმართ ბრიფინგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, განმარტება მოსთხოვა. ასევე განმარტება მოსთხოვა გვარამიას „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო.

“მე არ ვაპირებ ანგარიში ჩაგაბაროთ. სხდომის გარეთ გაკეთებული განცხადებები ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა,”- უპასუხა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს. 

მოსამართლემ იკითხა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება თუ არა ის სიტყვები, რაც მოსამართლის მისამართით ითქვა, გვარამიამ განაცხადა:

“სიტყვები “ნაბიჭვრები” და “ნაძირლები” ეხება ყველას, ვინც აყალბებს ჩემს საქმეს და ვინც ცდილობს უკანონო განაჩენი მომისაჯოს”.

ამის შემდეგ გიორგი არევაძემ სასამართლოს შეურაცხყოფისთვის გვარამიას 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შემდეგ კი განაცხადა, რომ თვითაცილების გადაწყვეტილებას იღებს და ამ საქმის განხილვა სხვა მოსამართლეს დაეწერება.

მსგავსი თემები