„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომ წყვეტს საინვესტიციო ხელშეკრულებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. კონსორციუმის პოზიციაა, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას. დასანანია, რომ კონსორციუმის მიერ პროექტზე აქამდე დახარჯული დროის, რესურსების და თანხების მოცულობის მიუხედავად, მთავრობამ ამჯობინა, რომ ყოველ ჯერზე დაეკნინებინა კონსორციუმის ძალისხმევა. ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაეჭირა პროექტისთვის და ეძებნა გამოსავალი, თუ როგორ გადაეჭრა პროექტში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტერმინალის ოპერატორისა და პოტენციური ინვესტორების მიერ დასმული საკითხები. მთავრობის ქცევის მოდელი, შეწყვეტის თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ გაურკვეველი დროით გადაიდება ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ოპერირების ეტაპი – გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო კონსტრუქციული მიმართულებით შეცვლის აღებულ კურსს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არაერთგზის სცადა, რომ თავიდან აეცილებინა დავის სცენარი, რათა არ გამოწვეულიყო პროექტის შემდგომი დაგვიანება. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ კონსორციუმს არ დარჩა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ დაიცვას კომპანიისა და მისი აქციონერების ინტერესები – ყველა ხელმისაწვდომი იურიდიული ბერკეტის გამოყენებით. კონსორციუმი კიდევ ერთხელ ეცდება, რომ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს დავა სახელმწიფოსთან, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, არ დარჩება სხვა გზა, თუ არა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის წამოწყება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“,- აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

https://mcm.ge/ანაკლიის-განვითარების-კ-4/

მსგავსი თემები