,,ირანიდან საქართველოში ლტოლვილების დაძვრის თემა ყურით მოთრეულია, ირანელებისთვის საქართველო მიმზიდველი არ არის’’ – მამუკა არეშიძე 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ირანიდან საქართველოში ლტოლვილების მასობრივი შემოდინების საფრთხე არ არსებობს. აღნიშნულ საკითხზე მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

,,სირიის მოვლენების დროსაც, განსაკუთრებით ნერვიულობდა ქართული სოციალური ქსელების საზოგადოება, რომ ლტოლვილები მოაწყდებოდნენ. მაშინ იყო ლტოლვილების ძალიან მინიმალური რაოდენობა. ვინ შეიძლება იყოს ირანიდან წამოსული ლტოლვილი? იქ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ დიდი რაოდენობით, მაგრამ ისინი წავლენ აზერბაიჯანში და არა საქართველოში. ასევე, ირანში ცხოვრობენ დიდი რაოდენობით სომხები, რომლებიც წავლენ სომხეთში“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, დღეს, საქართველოში ირანელების შემოსვლა საკმაოდ შეზღუდულია.

„ვიღაც შეიძლება იყოს, ვინც საქართველოსკენ წამოვიდეს, განსაკუთრებით ის ირანელები, რომლებსაც აქ ბინები აქვს ნაყიდი. მაგრამ, სინამდვილეში, მათი შემოსვლა ძალიან შეზღუდულია. ხშირად, ავტობუსი, რომელიც ჩერდება საზღვართან, პირობითად, ნახევარს უკან აბრუნებენ. ასე რომ, საქართველო ირანისთვის ისეთი მომხიბლველი აღარ არის როგორც ერთი წლის წინ ‘’- განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები