„აუცილებელია, არსებობდეს  ზედა ან ქვედა ზღვარი, რომ მომსახურება კიდევ არ გაიზარდოს“ – დავით მესხიშვილი

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი თხევადი გაზის აირბალონიანი სისტემის შემოწმებაზე ზედა და ქვედა ზღვარის დაწესებას ითხოვს. როგორც მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა,  თუ ასე არ მოხდა, შესაძლებელია, არსებული მაღალი ფასი კიდევ გაიზარდოს.

„ზოგადად, ავტომანქანების ტექინსპეტირების შემთხვევაში, არსებობს ელექტრონული პროგრამა, მეტნაკლებად, თანამედროვე მოდელი.  თხევადი გაზის აირბალონიანი სისტემის შემოწმების შემთხვევაში კი არანაირი პროგრამა არ არსებობს. გარკვეული ფურცლების გაცემა ხდება ძველი მეთოდებით. გაუმართავი სისტემის გამო, პროცესი, ერთი მანქანის შემოწმება 3-5 საათი გრძელდება, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა. გარდა ამისა, საკმაოდ მაღალია მისი ფასიც და 250 ლარი ჯდება. არ ვიცი, ეს თანხა საიდან დადგინდა. აუცილებელია, არსებობდეს ზედა ან ქვედა ზღვარი რომ მომსახურების საფასურის კიდევ უფრო ზრდა არ მოხდება“ –  აღნიშნა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

„ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია“ საკითხის დარეგულირებაში სახელმწიფოს ჩართულობას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასების ხელოვნურ ზრდას არ გამორიცხავს.   

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც თხევად გაზზე მომუშავე ავტომანქანების ტექდათვალიერებას ითვალისწინებს. ასეთ ავტომფლობელებს კი ტექდათვალიერების ცენტრებში ახარვეზებენ, რადგანაც მას აირბალონიანი სისტემის შემოწმების დოკუმენტი არ გააჩნიათ. ამ დოკუმენტის მიღება კი ფიზიკურად შეუძლებელია, რადგანაც, თბილისში მხოლოდ 2 სერვის ცენტრი არსებობს. ერთ ცენტრს კი დღეში მაქსიმუმ 5 ავტომანქანის შემოწმება შეუძლია.

მსგავსი თემები