„ზღვარს გადასული ქმედება, თავხედობა“ – დავით მესხიშვილი თხევად გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების გადავადებას ითხოვს

2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც თხევად გაზზე მომუშავე ავტომანქანების ტექდათვალიერებას ითვალისწინებს, ავტომფლობელებისთვის ე.წ. ნაღმი აღმოჩნდა. მომსახურების ცენტრები არ არსებობს, სახელმწიფო მძღოლებს კი თხევად გაზზე შემოწმებას სთხოვს. ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია კი პრობლემის მოგვარებამდე საკითხის გადავადებას ითხოვს.

არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ვერ შესთავაზა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ავტომფლობელებს, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი არ არის აღნიშნული მომსახურება. ამიტომ, ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი სისტემის შემოწმების გადავადება. მძღოლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ იმდენად, რამდენადაც პროცესი არის მოუმზადებელი, მით უმეტეს, არ არის ელექტრონული პროგრამა, არის ძველებური მოდელი, რომლითაც ჩემი აზრით, შესაძლებელია, ამ საბუთების გაყალბება, რომელიც დღეს გაიცემა. ეს კიდევ უფრო ამძიმებს პროცესს. ასევე აღმოჩნდა, რომ ცენტრების რაოდენობა, რომლებმაც თხევადი გაზის აირბალონები და სისტემა უნდა შეამოწმონ, სრულებითაც არ არის საკმარისი და თბილისის მასშტაბით არის მხოლოდ ორი მოქმედი ცენტრი. მაგალითად, ბათუმში თუ არის მომხმარებელი, ის უნდა ჩავიდეს ქუთაისში ინსპექტირების ჩასატარებლად”, – განაცხადა მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მასშტაბით სულ 2 სერვის ცენტრი არსებობს, სადაც ერთი მანქანის შემოწმებას 3-5 საათი სჭირდება. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში, ერთ სერვის ცენტრს მაქსიმუმ, 5 მანქანის შემოწმება შეუძლია, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. დაზარალებული ავტომფლობელები საკითხის გადავადებას ითხოვენ.

დავით მესხიშვილმა ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა კომპანია „გრინვეის“ უპასუხისმგებლობას.

„კომპანია „გრინვეის“ ზღვარსგადასულ ქმედებას, პრაქტიკულად, თავხედობას არ აქვს საზღვარი. წესით, ეკონომიკის სამინისტროს აქვს ბერკეტი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ რეაგირებს. საუბარია ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით მთიანი რეგიონებისთვის. კომპანიამ ეს ფუნქცია არ შეასრულა და მთის რაიონები მომსახურების გარეშე დატოვა. მოვუწოდებ ეკონომიკის სამინისტროს, შეასრულოს დაპირება და გაატაროს საჭირო ღონისძიებები“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „გრინვეი“ გახლავთ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელსაც აღნიშნული საკითხი უნდა მოეგვარებინა და ავტომფლობელებს ავტომობილების შემოწმების პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ. 

მსგავსი თემები