“პატრიარქმა ეპისტოლეში მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია, ჩვენი ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
„შობა იმედების, სიკეთის დღესასწაულია, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების. ამ იმედებით ვხვდებით ჩვენ ამ დღესასწაულს და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების აღსრულება. უწმინდესის ეპისტოლეში სრულად იყო კონცენტრირებული ეს სიბრძნე. მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნობა. მან პირდაპირ გვითხრა, რომ მიმტევებლობა არის მნიშვნელოვანი და არა კონფლიქტი. საბოლოო ჯამში, მან მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია და ჩვენი, ყველას, ვალდებულებაა, განურჩევლად იმისა, ვის რა პოლიტიკური პოზიცია გვაქვს, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას, ეს არის დღევანდელი დღის არსი ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს აქ იყო. ეს არის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო.
ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მას, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე, სიკეთისა და იმედის დღე. თითოეულ ჩვენგანს ვუსურვო ყველა ის იმედი, რომლითაც დღეს ჩვენ აღვივსეთ პატრიარქის ეპისტოლის შემდგომ, აგსრულებოდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.