“დამპალოს” სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაწამები ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს და მის ძმას მანქანის გატაცება სურდათ. მათი განცხადებით, 2 იანვარს მამის საფლავზე მყოფი ძმები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ერთ-ერთ მანქანაში მხოლოდ გასათბობად ჩასხდნენ და სიგარეტს მოუკიდეს, რა დროსაც მანქანის პატრონი და მისი მეგობარი მივიდნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოჯახის წევრების განცხადებით, ერთ-ერთმა ძმამ გაქცევა მოასწრო, დაღუპული კი გააშიშვლეს, აწამეს და შემდეგ ერთ-ერთ კორპუსთან დატოვეს.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდის გარდაცვალებაში დამნაშავე ორი პირია, ბრალი კი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ მათგანს აქვს წარდგენილი. ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომელს შორის 2 იანვარს “დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა 24 წლის მამაკაცი აწამა, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ზურაბ ფოფხაძეს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაში არის ბრალდებული, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობაც დაატოვებინეს.
ზურაბ ფოფხაძის მეგობარს, რომელიც “დამპალოს” სასაფლაოს ტერიტორიაზე მასთან ერთად იმყოფებოდა, ამ ეტაპზე, ბრალი არ წარდგენია, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.