რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელს, ეკატერინეს გალდავას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელის შეცვლაზე გადაწყვეტილება გალდავასთან შეთანხმებით იყო მიღებული.
„ეკა გალდავასთან შევთანხმდით ამ გადაწყვეტილებაზე. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც გაკეთდა წყლის კომპანიაში. წლების განმავლობაში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ მიმართებაში იყო სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის ბევრი საუბარი იყო შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე და ა.შ. ეკა გალდავამ სწორედ ეს ვითარება გააჯანსაღა კომპანიაში. კომპანიამ პირველად 2019 წელს მიიღო აუდიტორული დასკვნა, რაც მანამდე არ ჰქონდა, მოხდა ქსელების ინვენტარიზაცია, ძალიან ბევრი პროექტი დასრულდა, მათ შორის უკვე ვრთავთ ქუთაისს, ზუგდიდს, აბაშას, ჯვარს, ჭიათურას. ვმუშაობთ ძალიან დიდ პროექტებზე და ამ კომპანიაში ეს ცვლილებები უშუალოდ ეკა გალდავას ხელმძღვანელობით მოხდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, განახლება ყველა კომპანიაში საჭიროა.
„ყველა კომპანიას სჭირდება განახლება, შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, უმჯობესი იქნება, გიგა მანდარიამ გააგრძელოს საქმიანობა წყლის კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო ეკა გალდავასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას სამინისტროს ფარგლებში“, – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.