ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით თბილისში, ირანის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. ირანის მოქალაქეებმა საელჩოსთან სიმბოლურად გვირგვინი მიიტანეს.
როგორც საქართველოში ირანის საელჩოს თავდაცვის ატაშემ განაცხადა, ყასემ სოლეიმანი ტერორიზმთან ბრძოლის სიმბოლო იყო და ამიტომაც მოხდა მისი ლიკვიდაცია.
“სოლეიმანი არ იყო ჩვეულებრივი სამხედრო პირი, ის იყო ერთ-ერთი ძლიერი მებრძოლი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამას არა მარტო ირანი, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ მას ჰქონდა გამორჩეული როლი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოახდინა ამერიკამ მისი ლიკვიდაცია, ეს მომდინარეობს იქიდან, რომ გენერალი უპირისპირდებოდა იმ ტერორისტულ მოძრაობას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მხარდამჭერი იყო აშშ. შესაბამისად, ირანელი გენერალი იყო სიმბოლო ტერორიზმთან ბრძოლაში და ამიტომ მოხდა მისი ლიკვიდაცია. ამ მოვლენის შემდეგ დაიწყება გამოღვიძების ტალღა და ამ რეგიონის ქვეყნები გააგრძელებენ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ და ასევე ამერიკის წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოში ირანის საელჩოს თავდაცვის ატაშე ებადოლა მუხტარმა.
31 დეკემბერს, ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იერიში მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად, ირანის სამხედრო ლიდერი, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი, ყასიმ სოლეიმანი დაიღუპა. ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს „შურისძიებით“ ემუქრება.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით კი, პენტაგონს მიზანში ამოღებული აქვს ირანის 52 სტრატეგიული ადგილი, რომელსაც ძალიან სწრაფად და ძლიერად გაანადგურებს.