ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე) სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ „ტამიფლუს“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, უფასოდ მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტის მისაღებად აუცილებელია რეცეპტის, პირადობის მოწმობისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა. ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ წელს ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდა გრიპის სეზონს.
“5 საკვანძო საკითხია – ვაქცინაცია, ხშირად ხელების დაბანა, სველად დალაგება, ავადმყოფთან ნაკლებად ყოფნა, თუ სიცხე აქვს, სამსახურში, ბაღში თუ სკოლაში არწასვლა და ა.შ. ეს ძალაშია. წელს ბევრად მეტი ადამიანი ავცერით ქვეყანაში, დაახლოებით 2.5-ჯერ მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ვიდრე შარშან. ჩვენთან ვაქცინაციის კულტურა დაახლოებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში გაძლიერდა, დავიწყეთ 5 000-ით, წელს სახელმწიფომ იყიდა ვაქცინის 100 000 დოზა და დღევანდელი რიცხვით უკვე აცრილია დაახლოებით 95 370 მაღალი რისკ-ჯგუფის ადამიანი. ანუ 95 370 ადამიანია დაახლოებით, სახელმწიფოს მიერ აცრილი წელს, დაახლოებით 30 000 აცრა კერძო სექტორმა, სულ 125 000-მდეა აცრილი, რაც შარშანდელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტია. ანუ, წელს ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდა გრიპის სეზონს და რაც მთავარია, მოთხოვნილება და ნდობა ვაქცინაციის მიმართ მოქალაქეებში გაიზარდა, რაც კარგი ნიშანია, რომ მომავალ წელს უფრო მეტი რაოდენობით ადამიანის აცრაზე ვიფიქროთ. იმედია, კერძო სექტორიც უფრო მომზადებული შეხვდება სეზონს და იქნება უფრო მეტი მიმართვა არა მარტო რისკ-ჯგუფების, არამედ დანარჩენი მოსახლეობის”, – განაცხადა გამყრელიძემ.