სამინისტროების რაოდენობის შემცირება მექანიკურ ცვლილებებს არ უნდა ნიშნავდეს – კობა ნარჩემაშვილი​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ სამთავრობო სტრუქტურების შემცირება არ უნდა იყოს მხოლოდ მექანიკური ცვლილებები და მთავრობის ახალი შემადგენლობის მუშაობა შინაარსობრივი სიახლეებით დატვირთული უნდა იყოს.

როგორც კობა ნარჩემაშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე​ დღეს განაცხადა, როცა საუბარია მცირე მთავრობაზე ეს ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ეფექტიან აღსრულებას.

“ჩვენ შეგვიძლია სამთავრობო ბლოკი დავყოთ სამ ძირითად ნაწილად – სამთავრობო ბლოკი, ეკონომიკური, კულტურულ – სოციალური და ძალოვანი ბლოკები. ​მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობის ახალი ფორმა უნდა ჩამოყალიბდეს. აღმასრულებელი ხელისუფლების შინაარსობრივი გარდაქმნის საკითხი პარლამენტთან უნდა იყოს შეჯერებული”, – აცხადებს ნარჩემაშვილი.

მისი შეფასებით, ქვეყნის მთავრობის შეცვლა და ახალი პრემიერის დანიშვნა გარკვეულ მოლოდინებს უკავშირდება და სასურველია, ახალი მთავრობის მუშაობა შინაარსობრივი სიახლეებით იყოს დატვირთული.

“ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილება, როდესაც საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩამოვყალიბდით საპარლამენტო რესპუბლიკად, ასეთი მმართველობის პირობებში პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას თავისი სპეციფიკა აქვს. ამ დროს პარლამენტი არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი. საკანონმდებლო ორგანოსთან მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციის რეჟიმში უნდა გადავიდეს”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.

მსგავსი თემები