ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას, თბილისის საშიში უბნები დაასახელა, სადაც კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გაყვანილობებია. ენერგოომბუდსმენის განმარტებით, ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონები, ამ მხრივ მთავარ პრობლემურ უბნებად რჩება.
მისივე შეფასებით, კერძო დასახლების ეზოებში, კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარებია, რომლის დახურულ სივრცეში არსებობა სიცოცხლისთვის საშიშია. მისი თქმით, ამ საცხოვრებელ შენობებში წლებია სავენტილაციო და საკვამლე არხები არ გაწმენდილა.
“პრობლემური უბნებია ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ასევე ჩუღურეთის რაიონებში. ეს უბნები ძირითადად იტალიური შენობებითაა დაკომპლექტებული, სადაც განსაკუთრებით საშიში დანადგარებია დამონტაჟებული. ამ უბნებში, ქსელის იმგვარი მოწყობაა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია ან უკვე ექსპლუატაციიდანაა გამოსული და 50 წელია არ განუახლებიათ. ამ საცხოვრებელ შენობებში, წლების განმავლობაში სავენტილაციო და საკვამლე არხები არ გაუწმენდიათ. მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ, რომ სახლში, ისევე როგორც კოსმეტიკური რემონტია საჭირო, ასევე არსებული ყველა ქსელის თუ მილის გაწმნედა და მოვლაა მათი ვალდებულება,” – განუცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს”
ენერგოომბუდსმენის განცხადებით, რეგულაციების არარსებობამ და სპეციალისტების სიმცირემ გამოიწვია პრობლემები, რომლის წინაშეც ვდგავართ.
“უამრავი პრობლემა გამოიწვია რეგულაციების არ ქონამ და ბაზარზე არსებულმა ვაკუუმმა, რომელიც გამოიხატება სპეციალისტების არარსებობაში. ის, რომ ღია წვის წყალ გამაცხელებელი მხოლოდ გარე პერიმეტრზე შეიძლება დამონტაჟდეს, ესაა ჩვეულებრივი მოცემულობა. რეგულაციების არარსებობამ მიგვიყვანე იქამდე, რომ დღეს მივიღეთ საშიში გარემო ყველა სახლში”, – განუცხადა სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს”.