საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში კავშირზეა ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციით, ქ. დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
უწყების ცნობით, ამასთან საელჩოში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი +962 797 299 799.
ირანელი გავლენიანი გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“. მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც.