აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიმართვა დევნილ მოსახლეობას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს:

“ახალი წლის, შობის მოახლოება ადამიანებში თავისთავად ბადებს ისეთ ემოციას, რომელიც პირველ რიგში უშუალოდ ოჯახურ სითბოს, მშობლიურ გარემოს  ითხოვს; აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ქართველობა კი არა ერთი ათეული წელია ამ განცდას, ამ მტკივნეულ, მოუშუშებელ შინაგან მოთხოვნილებას ვებრძვით, არ გვეთმობა იგი, მაგრამ მოთმინებით, იმედით, მოქალაქეობრივი შეგნებით,   საქართველოს გაერთიანების რწმენით ვითვლით წლებს, ვემსახურებით ქვეყანას, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მივიღოთ ღირებული მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში, ვახერხებთ არ დავყაროთ ფარხმალი, შეძლებისდაგვარად ავუწყოთ ფეხი  თანამედროვეობის მოთხოვნილებებს, მუხლჩაუხრელი შრომით, სწავლით აღვზარდოთ შვილები, მივცეთ მათ სათანადო განათლება და  ველით იმ ბედნიერ წამს, როცა შევძლებთ ოჯახთან ერთად დავუბრუნდეთ მშობლიურ მხარეს, შევურიგდეთ კონფლიქტში მონაწილე აფხაზს თუ ოსს, მოვიპოვოთ ურთიერთნდობა, შევუნდოთ ერთმანეთს შეცდომა და დანაშაული და  ღირსეულად დავუბრუნდეთ საკუთარი სახლ-კარს, რომელსაც ოკუპანტის ძალისხმევით დიდი ხნის წინ, იარაღის ძალით მოგვწყვიტეს და როგორც იტყვიან, საკუთარ სამშობლოში უსამშობლოდ დაგვტოვეს.

ძვირფასო თანამემამულეებო, ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო,  აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებო, ლტოლვილებო, ემიგრანტებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, შობას! 2020 წელი  კვლავაც რწმენით, იმედით, პატრიოტული შემართებით, თითოეული თქვენგანის, თქვენი ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობით, გამძლეობით, წარმატებული მოღვაწეობით და ყველაზე დიდი და სასურველი შედეგით – ჩვენი სამშობლოს გაერთიანებით, ჩვენს სახლ-კარში ღირსეულად დაბრუნებით ყოფილიყოს ისტორიულად გამორჩეული!

გჯეროდეთ, ეს შედეგი დღეს თუ არა ხვალ, გარდაუვალია და აუცილებლად დადგება, რადგან ჩვენს გაუნელებელ სწრაფვას აფხაზი და ოსი ხალხის,  ჩვენი სამშობლოს ძირძველი და განუყოფელი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის ერთიან საქართველოში მშვიდობიანი გზებით, შერიგებით და ურთიერთნდობით დაბრუნების აუცილებლობაზე, მხარს უჭერს მსოფლიოს უკლებლივ ყველა ცივილიზებული სახელმწიფო და თავად აფხაზებისა და ოსების ანგარიშგასაწევი წარმომადგენლები.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ყველაზე დიდი სიხარული მოულოდნელად სწრაფად აეხდინოს 2020 წელს თითოეული ჩვენგანისთვის!”

მსგავსი თემები