„მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც დიპლომატები მხოლოდ მშვიდობის ხიდების მშენებლობაზე იზრუნებენ“- ზალკალიანი

„ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ბედნიერ ქვეყანაში ეცხოვროთ, სადაც არ გაიტაცებენ ადამიანებს, სადაც არ იქნება ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები, სადაც ექიმებს ექნებათ საშუალება საკუთარი საქმიანობით დაკავდნენ, სადაც ხელოვანებს ექნებათ საშუალება, რომ ჩვენ გაგვახარონ და დიპლომატებიც იქნებიან მხოლოდ სამშვიდობო ხიდების მშენებლობით დაკავებული, ასეთ ქვეყანაზე ვოცნებობ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს შვილებს ექნებათ ასეთი მომავალი“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ქართველ დიპლომატებთან.

თავის მიმართვაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა დიპლომატების მნიშვნელოვან როლს საქართველოს ყველა იმ შედეგში რომელიც 2019 წელს იქნა მიღწეული – „მინდა ყველას განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმ წარმატებებისთვის, რასაც 2019 წელს მივაღწიეთ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვერ მოხერხდებოდა თქვენი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად და არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. სახელმწიფო ხედავს და გიფასებთ თქვენს ღვაწლს“ – განაცხადა ზალკალიანმა.

თანამშრომლებთან შეხვედრაზე მინისტრმა შეაჯამა 2019 წლის საგარეო პოლიტიკის ყველა სტრატეგიული მიმართულება და მთავარი მიღწევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას – „დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენ წელს პირველად გავხდით ესეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, სიმბოლურია რომ ეს დაემთხვა ორგანიზაციის 70 წლის იუბილეს და ჩვენი გაწევრიანების 20 წლის თავს. მომდევნო 6 თვის განმალობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ როგორც ქართველმა დიპლომატებმა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებმა წარმოაჩინონ საკუთარი თავი, როგორც ევროპელი პარტნიორების თანასწორმა მოხელეებმა. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ღონისძიების მასპინძლობა, როგორც თბილისში ასევე სტრასბურგში და ამის კულმინაცია იქნება მაისში თბილისში დაგეგმილი მინისტერიალი, მოგვიწევს მისი წარმატებით ჩატარებისთვის ძალისხმევის გაერთიანება“ – განაცხადა მან.

მინისტრმა ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, აშშ-სთან ურთიერთობების თვალსაზრისით და სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატების ჩამოყალიბებას ევროპის სახელმწიფოებთან. მან დიდი ყურადღება დაუთმო ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას – „ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 2019 წელი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო და ამ სირთულეებმა თითოეული თქვენთაგანის მხრებზე გადაიარა. ჩვენ მართლაც ღირსეულად გავუმკლავდით ამ გამოწვევებს, მაგრამ პრობლემები ამით არ დასრულებულა, ვიდრე მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თითოეული ჩვენთაგანისთვის მომავალ 2020 წელს, რადგანაც ეს არის ის სერიოზული პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე და ყოველდღიურ ყოფაზე. თითოეული ჩვენი მოქალაქის და ჩვენი თანამოქალაქის ყოფიერებაზე ეს ახდენს ძალიან დიდ გავლენას და ვფიქრობ, რომ ჩვენი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომავალ წელსაც იქნება დეოკუპაცია და დეოკუპაციისკენ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება“- განაცხადა ზალკალიანმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

დავით ზალკალიანმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა მომავალი წლისთვის.

მსგავსი თემები