“ასეთ ერთიანობას და მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი” – ვაჟა გაფრინდაშვილი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა და უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება პირადად მიულოცა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული ექიმის უსაფრთხოება.

მინისტრმა თქმით, საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა ეს შედეგი დამდგარიყო.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაჟა ექიმთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

“ვაჟა ექიმმა გაგვიზიარა იქ ყოფნის ეპიზოდები, რომელიც ნამდვილად ძალიან რთული იყო. ექიმი გვიყვებოდა, რომ იქ ყოფნის მანძილზეც ეხმარებოდა, ვისაც სჭირდებოდა დახმარება,” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ყველას თანადგომისთვის. მისი თქმით, მსგავსი მხარდაჭერის მოლოდინი არ ჰქონია.

“საკმაოდ დიდი ემოციური დატვირთვა იყო ის 50 დღე, ასეთ ერთიანობას და მხარდაჭერას კი ნამდვილად არ ველოდი,” – ვაჟა გაფრინდაშვილი.

მსგავსი თემები