თბილისის მერმა კითხვაზე, განათლების მინისტრის მსგავსად, ფიქრობს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია, პასუხად განაცხადა, რომ შედარებების გაკეთება არ უყვარს.
“შედარებების გაკეთება არ მიყვარს. ბიძინა – ბიძინაა, ექვთიმე – ექვთიმეა. ორივეს ქვეყნისა და ხალხის წინაშე ძალიან ბევრი კარგი რამე აქვს გაკეთებული. ამიტომ შედარებები, ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა გამეკეთებინა და ხაზი გამესვა ამაზე”, – განაცხადა კალაძემ.
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.
“ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ჩვენი დიდი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების გარანტად დგას”, – განაცხადა ჩხენკელმა.