„დატვირთული წელი იყო, როგორც გამოწვევებით, ასევე მიღწევებით, დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი იყო დინამიური და დატვირთული, როგორც გამოწვევებით, ისე მიღწევებით.

გახარიას თქმით, დღემდე საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება.

„ საკმაოდ დატვირთული წელი იყო, როგორც გამოწვევებით, ასევე მიღწევებით. ასევე მოგეხსენებათ, სამწუხაროდ დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია. დღემდე საქართველოს 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშნველოვანია თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზების ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწხუაროდ, ახალგორებელბისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება, ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, მძიმე გამოწვევებზე ხელისუფლების და საზოგადოების პასუხი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ჩვენი ქვეყნის, მთავრობის, მოქალაქეების პასუხი ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, 70 პროცენტზე მეტი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ესაა ის მიმართულება, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რომელსაც რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმიმდევრულად გააგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის, ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები