“ვუერთდებით ყოველი ქართველის სიხარულს” – აშშ-ს საელჩო ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურება.

„მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გადასასვლელი პუნქტები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩო.

მსგავსი თემები