“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი” მარნეულის მერის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს  

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი გმობს ქალაქ მარნეულში მომხდარ ინციდენტს და პროკურატურას მოუწოდებს, დაკავებული მერის მიმართ გამოიყენოს პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის ფორმა, მათ შორის გირაო, ან შინაპატიმრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და გამართავენ საპროტესტო აქციებს ქალაქებში მარნეულში, რუსთავში და თბილისში.

როგორც ალი ბაბაევმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, კავკასიელისთვის ოჯახის წევრის შეურაცხყოფა ღირსების საკითხია და მათთვის მიუღებელია მარნეულის მერი, ციხეში იჯდეს იმის გამო, რომ მან საკუთარი ოჯახის წევრის ღირსება დაიცვა.
​​ალი ბაბაევის შეფასებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტი არის ადგილობრივი კლანური დაპირისპირების შედეგი.

“მივმართავ საქართველოს პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს, პატიმრობა შეიცვალოს ალტერნატიული ფორმით, შინა პატიმრობით ან გირაოთი გათავისუფლდნენ დაკავებულები, ჩვენ ვართ კავკასიელები. ალახვერდოვის საქციელი, რომელიც თბილისში აქციის დროს ფეისბუქის პირდაპირ ეთერში აგინებდა მარნეულის მერის ოჯახის წევრებს, ჩვენთვის მიუღებელია. კავკასიელები ვართ ბოლოსდაბოლოს. ჩვენთვის ცოლი, დედა, შვილი არის წმინდა და მათი შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა მიუღებელია. ჩემის აზრით, ალახვერდოვის ვიდეოს უკან გარკვეული კლანები დგას”, – აცხადებს ალი ბაბაევი.

მისივე თქმით, მარნეულის აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის მიუღებელია,  მომხდარის გამო დაპატიმრებული იყვნენ მარნეულის მერი, საკრებულოს დეპუტატი და პარლამენტის მოქმედ დეპუტატ აზერ სულეიმანოვს შეუჩერდეს საპარალამენტო უფლებამოსილება.

“მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობა ღელავს, რომ მოხდა ეს ფაქტი. 3 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი თხოვნა შემოვიდა ჩემთან, ბევრმა დამირეკა, რომ გამოსულიყავი და მიგვემართა პროკურატურისთვის. თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას მივმართავთ პროტესტის სხვა ფორმას, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვება და საპროტესტო აქციებს გავმართავთ ქალაქებში მარნეულში, რუსთავში და თბილისში”, – აცხადებს ალი ბაბაევი.

მსგავსი თემები