“თუ აფხაზს და ოსს ვეტყვით, რომ რადგან რუსეთის მოქალაქეა, ვერ მიიღებს საქართველოს პასპორტს – იმ ტერიტორიებზე ვამბობთ უარს” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მოითხოვს, საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება, რომელიც  აფხაზებს და ოსებს მისცემს საშუალებას, საქართველოს მოქალაქეობა მარტივად მიიღონ.

როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აფხაზების და ოსების დიდ ნაწილს სურს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, თუმცა, გართულებული პროცედურების გამო, ეს ხშირად ვერ ხდება.

„საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩამოდის ენგურს აქეთა საქართველოში. ჩვენ, ზუგდიდში წარმომადგენლობა გვაქს, სადაც კვირაში მინუმუმ 2-3 აფხაზი იღებს გამზადებულ დოკუმენტაციას, რომ შეიტანოს განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ესაა ის შედეგი, რაც არის დღეისათვის მიღწეული, ეს პატარა შედეგი არაა.  თუ ჩვენ ასე მივუდგებით აფხაზებს და ოსებს, რომ  თუ რუსეთის მოქალაქე ხარ, ვერ მიიღებ საქართველოს მოქალაქეობას, მაშინ 80-90% აფხაზებსა და ოსებზე, შესაბამისად იმ ტერიტორიაზე,  ვამბობთ უარს. ესაა ყოვლად დაუშვებელი. აფხაზეთის მთელი მოსახლეობის 80-90%  რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის მოქალაქეობა მათთვის, ესაა ისევ და ისევ საბჭოთა კავშირის პურის და კარაქის ტალონი. თუ ის ტალონი არ იყო, შენ ვერ მიიღებდი საჭმელს, ვერ შეჭამდი. მსგავსი მიდგომაა აქაც, თუ მას რუსეთის პასპორტი  არ ექნება,  ვერსად  წავა, ვერ ისწავლის და ვერაფერს გააკეთებს. რუსეთის პასპორტი მისთვის არის გადარჩენის საშუალება. თუ ასე მივუდგებით აფხაზებს და ოსებს, რომ შენ თუ რუსეთის მოქალაქე ხარ, ვერ მიიღებ საქართველოს მოქალაქეობას, მაშინ მათზე, იმ ტერიტორიაზე, ვამბობთ უარს. იქ ქართველმა რომ სიმღერა წაიღიღინოს, ამისთვის სჯიან. ენგურს იქით არ არსებობს ქართული ენა და ახლა მათ ქართული ენის ცოდნა როგორ მოვთხოვოთ. ჩვენ ამ ადამიანებს წავუყენეთ ის მოთხოვნები, რაც შეიძლება ირანელს, არაბს წაუყენო და სავსებით კანონიერადაც.  ეს პრობლემა მოსაგვარებელია,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ჯემალ გამახარია მიიჩნევს, რომ აფხაზებისთვის და ოსებისთვის საქართველოს მოქალაოქეობის მიღება რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული და ხშირად მას თხოვნით მიმართავენ :

„ითხოვენ საქართველოს მოქალაქეობას, ანიჭებენ კიდევაც, თუმცა ეს იმდენად გართულებულია, ნერვიულობასთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ ისინი უკვე მოგვმართავენ ჩვენ დახმარებისთვის. აფხაზი დაბადებით არის საქართველოს მოქალაქე. დაიბადა ის სოხუბში, გარაში თუ ოჩამჩირეში“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.

მსგავსი თემები