“ავტოსაგზაო შემთხვევები 10 პროცენტითაა შემცირებული, გარდაცვალების შემთხვევები – 2 პროცენტით” – ეკა ლალიაშვილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე წლის სამი კვარტლის შეჯამების საფუძველზე აცხადებს, რომ ავარიებისა და უბედური შემთხვევების რიცხვი წელს, გასულ წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ შემცირდა.

მისი განმარტებით, სრული სტატისტიკური სურათი მოსახლეობას მხოლოდ მეოთხე კვარტლის შედეგების შეჯამების შემდეგ ექნება:

„პრობლემები, რაც საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებობს, არის ის გამოწვევა, რასაც წლების განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ, ვუპასუხოთ. სამი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, ზოგადი მდგომარეობა, თითქოსდა, გაუმჯობესებულია სტატისტიკურად. ავტოსაგზაო შემთხვევები 10 პროცენტითაა შემცირებული, გარდაცვალების შემთხვევები, – 2 პროცენტით, მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია. თუმცა იმდენად ხშირად გვესმის ბოლო დროს, უკვე ერთი საგზაო შემთხვევის დროს, რამდენიმე პირის დაღუპვის შესახებ, რომ ვერ შევაფასებთ სრულად, ვიდრე არ ვნახავთ მეოთხე კვარტლის მონაცემებს,“- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.  

მისვე განმარტებით, წლის განმავლობაში, არასრულწლოვანებისა და ახალბედა მძღოლების მიერ გამოწვეული არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა:

„იკვეთება ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწევევი სხვადასხვა მიზეზი, საიდანაც პირველი და წამყვანია სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ წლის განმავლობაში გამოიკვეთა არასრულწლოვნების მიერ გამოწვეული მძიმე საგზაო შემთხვევები, როდესაც არაერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. ასევე ახალბედა მძღოლების მიერ გამოწყვეული შემთხვევები, რომლებსაც ახალი აღებული ჰქონდათ მართვის მოწმობა,“- განაცხადა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპული და დაშავებული ადამიანების რიცხვი, მიმდინარე წლის სამი კვარტლის სტატისტიკური მონაცემებით, შემდეგნარად გამოიყურება:

2018 წელს დაიღუპა 342, დაშავდა 6754 ადამიანი; 2019 წელს დაიღუპა 337, დაშავდა 5884 ადამიანი; განსხვავება: დაიღუპა 5 ადამიანით ნაკლები, დაშავდა 870-ით ნაკლები ადამიანი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა (სსკ 276-ე მუხლის მიხედვით) არის 486-ით ნაკლები ადამიანი.

https://mcm.ge/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94/

მსგავსი თემები