“გარყვნილების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით ადამიანის სული ავადდება” – მეუფე შიო

“მატერიალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით ადამიანის სული ავადდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის – ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე”, – ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) განაცხადა.

“საქართველოში თვითმკვლელობების რიცხვი ძალიან იზრდება და ამასთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა. 10 წლის განმავლობაში თვითმკვლელობათა რიცხვი თითქმის გაათმაგდა. ჩვენ ამ პრობლემაზე ვფიქრობთ და ძალიან გვტკივა ეს. შეიძლება ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს ჩვენ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით. ადამიანის სული კი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მწუხარებაში, სევდაში, დეპრესიაში ვარდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის. ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. არის ასეთი აზრი, რონ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრივით, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი სახელმწიფოდან, პარლამენტიდან, ფსიქოლოგებიდან გაერთიანდება და ერთად ვიფიქროთ, ამ პრობლემაზე, თუ როგორ ვუშველოთ და ავიცილოთ თავიდან”,- განაცხადა მეუფე შიომ.

საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირები, დარგობრივი კომიტეტების, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფსიქოლოგები შეხვედრას მართავენ.შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა “სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორალური შესაძლებლობებია”.

მსგავსი თემები