მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი დაჩქარებულად დაამტკიცებს, პრეზიდენტის როლი ფორმალურია

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი ავტომატურად გადაყენებულად ითვლება. შესაბამისად, დღეიდან, მოქმედი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან. პარლამენტს ახალი მთავრობის დასაკომპლექტებლად 3 კვირიანი ვადა აქვს, თუმცა, დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ ვადას სრულად არ გამოიყენებენ და შეეცდებიან, მთლიანი პროცედურა მომავალ კვირას დაასრულონ.

როგორც „მთავარს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა, მთავრობის დაკომპლექტების პროცედურებში პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური როლი აქვს და ის ვალდებულია, კონსტიტუციის ფარგლებში შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები.

„საპარლამენტო უმრავლესობას ერთკვირიანი ვადა აქვს, რომ პრემიერ- მინისტრის კანდიდატი შეარჩიოს და პრეზიდენტს გადაუგზავნოს. შესაბამისად, პრეზიდენტი  ვალდებულია, კანდიდატურა პარლამენტს  წარადგინოს. აღნიშნულის შემდეგ, შერჩეული პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ასევე 1 კვირა აქვს, რომ პარლამენტს საკუთარი გუნდი – მინისტრთა კაბინეტის წევრები შესთავაზოს. ხოლო, მესამე კვირას კი  პარლამენტი ვალდებულია, მთავრობის სავარაუდო წევრებს მოუსმინოს და დაამტკიცოს“ – აცხადებს  კახიანი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით მთავრობის დამტკიცებას 3 კვირა სჭირდება, პარლამენტი მზად არის, არსებული პროცედურა მომავალ კვირას გაიაროს და ახალი მთავრობა დაამტკიცოს.

„ვფიქრობ, ადრე დავასრულებთ ყველა პროცედურას და შესაძლებელია, მომავალ კვირას ახალი მთავრობა გვყავდეს. პარლამენტი პრემიერ- მინისტრობის კანდიდატს პრეზიდენტს მომავალ კვირას წარუდგენს. პრეზიდენტს კი ამ შემთხვევაში ფორმალური როლი აქვს და ვალდებულია ის მოქმედებები განახორციელოს, რაც მას კონსტიტუციით აქვს დაკისრებული“, – განუცხადა კახიანმა „მთავარს“.

მსგავსი თემები