“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს” – ლია გიგაური

“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა და მისი გათავისუფლების ასეთი გაჭინაურება, კიდევ ერთხელ ნათლად და კარგად გვიჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობა, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, კვლავ გაგრძელდება:

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ კვლავ ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ჩართული არიან შესაბამისი უწყებები, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, ძალისხმევა არ გაჩერდება, რათა მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. რაც შეეხება ბერკეტს, გახლავთ იგივე, რომელსაც აქამდე ვიყენებდით. ეს გახლავთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზემოქმედება და ასევე, იმ ორგანიზაციების მხრიდან, მუდმივი და დაუღალავი მუშაობა, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს 24 – საათიანი მუშაობა და რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ და მიაღებინონ გადაწყვეტილება ვაჟა გაფრინდაშვილის ცალსახად უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დე ფაქტო გადაწყვეტილებების მიუხედავად”,- განაცხადა ლია გიგაურმა.

მსგავსი თემები