“კულტურის სამინისტროს 200 თანამშრომელი არ სჭირდება, ბიუროკრატიული პრობლემები უნდა დაინგრეს” – დავით ოქიტაშვილი

„ბიუროკრატიული პრობლემები უნდა დაინგრეს, აუცილებლად უნდა მოხდეს კულტურის სამინისტროს ოპტიმიზაცია“,  – ამის შესახებ „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამდენი საშტატო ერთეული კულტურის სამინისტროს არ სჭირდება, მისი ეფექტიანი მუშაობისთვის, საკმარისია  30-40 თანამშრომელი:

„აუცილებლად უნდა მოხდეს კულტურის სამინისტროს ოპტიმიზაცია. 200-კაცამდე საშტატო ერთეული ამ უწყებას არ სჭირდება. არ სჭირდება კულტურის სამინისტროს ამდენი მოადგილე, ამდენი დეპარტამენტი, ამდენი მთავარი სპეციალისტი, ეს უნდა იყოს 30-40 კაცისგან შემდგარი კომპაქტური ორგანიზაცია, რომელიც ამ ყველაფერს მართავს. კულტურის სამინისტრო და იქ მომუშავე ადამიანები, იქ კი არ უნდა ისხდნენ, ისინი უნდა იყვნენ თეატრებში, მუზეუმებში… და რომ შემოდის წერილი, 10-20 დღე არ უნდა სჭირდებოდეს მის განხილვას, ამას უნდა სჭირდებოდეს რამდენიმე საათი და რამდენიმე დღე. ბიუროკრატიული პრობლემები აუცილებლად უნდა დაინგრეს,“ – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნების მოღვაწეებმა წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება, კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე.

მსგავსი თემები