“კულტურის მინისტრად ბადრი მაისურაძე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა” – დავით ოქიტაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ხელოვანთა მოთხოვნა დაკმაყოფილდება, „კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი, კულტურის მინისტრის პოზიციაზე, რეკომენდაციას ბადრი მაისურაძეს უწევს, რომელიც ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოტრის მინისტრის მოადგილეა. ამის შესახებ ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბადრი მაისურაძე ის ადამიანია, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, წარმატებით უხელმძღვანელოს უწყებას და მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად:

„კულტურის მინისტრად ბადრი მაისურაძე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა, რადგან ის სფეროს არაჩვეულებრივი ხელმძღვანელია. ბადრის აქვს იმის გამოცდილება და შესაძლებლობა, მართოს კულტურის სამინისტრო, იქიდან გამომდინარე, რომ კულტურის მინისტრს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწრაფად და დამოუკიდებლად გადაწყვეტილება. განათლების მინისტრის მოადგილე, კულტურის საკითხებში, ვერ ღებულიბს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რადგან ის უთანხმებს მის ზემდგომ მინისტრს და ამას მიაქვს დრო. ამიტომ კულტურის მინისტრი თავისუფალი უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღებაში,“ – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნების მოღვაწეებმა წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება, კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე.

მსგავსი თემები